საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პროექტი დაამტკიცეს. კერძოდ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 3000 ლარით.
ასევე, პარლამენტმა მესამე მოსმენით ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა.