ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის დამტკიცებულ გაზის ბალანსში ცვლილება შეიტანა. დოკუმენტის განახლებული ვერსიის მიხედვით, საქართველოში გაზის მოწოდების საპროგნოზო მოცულობა 2 მილიარდ 562 მილიონი კუბური მეტრია.
2 მილიარდ 338 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ მთლიანი მოცულობის 91.2 პროცენტს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს, მათ შორის „სოკარისგან“ მილიარდ 453 მილიონ კუბურ მეტრს, შაჰ-დენიზის საბადოდან კი 884 მილიონ 298 ათას კუბურ მეტრს.
მთლიანი მოცულობის 7.8 პროცენტის ანუ 200 მილიონი კუბური მეტრი აირის მიღებაა გათვალისწინებული რუსეთიდან, ადგილობრივი მოპოვების საპროგნოზო მოცულობა კი 11 მილიონ 223 ათასი კუბური მეტრია.
რაც შეეხება მოხმარებას, 2020 წელს ე.წ. სოციალური გაზის საპროგნოზო მოცულობა მილიარდ 679 მილიონი კუბური მეტრია, მათ შორის მოსახლეობის მოხმარება მილიარდ 88 მილიონ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურების კი 590 მილიონ 703 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კომერციული სექტორის საპროგნოზო მოხმარება 853 მილიონ 36 ათას კუბურ მეტრს შეადგენს, გაზის დანაკარგი კი სავარაუდოდ, 30 მილიონ 200 ათასი კუბური მეტრი იქნება.