საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 86 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16 ათას 500 ტონა თხილის ექსპორტი.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5 ათას 700 ტონით ანუ 53%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 30 მილიონ 700 ათასი დოლარით ანუ 55%-ით აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის: გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში და ა.შ. ასევე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა - ბრაზილია, საუდის არაბეთი, კანადა, შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და სხვა.