2020 წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში 21 მილიონ 900 ათასი დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონ 433 ათასი დოლარით მეტია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივნისში ქვეყნიდან უცხოეთში 17 მილიონ 467 ათასი დოლარი გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ივნისში გზავნილების 29% რუსეთში განხორციელდა. ხუთეულშია თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სომხეთი.
ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169 მილიონ 200 ათასი დოლარი ანუ 514 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 17.8%-ით ანუ 25 მილიონ 600 ათასი დოლარით მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.