21 თებერვლამდე მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39 ათას 300 ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7 ათას 900 ტონით ანუ 25%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2 მილიონ 800 ათასი დოლარით ანუ 17%-ით აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.