1-წლიანი მორატორიმის მიუხედავად საქართველომ აზერბაიჯანული ევრო 5-ის დიზელი შესაძლოა, ვერც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მიიღოს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „სოკარში“ განუცხადეს, ქარხნის გადაიარაღება კორონავირუსის პანდემიის გამო „მცირედით შეყოვნდა“. თუმცა, კომპანიაში დამატებით კითხვებზე პასუხებისაგან თავი შეიკავეს.
საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გადასულიყო. თუმცა, ბიზნესი და იმპორტიორები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ თარიღი გადაწეულიყო. ძირითად არგუმენტად კი რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების ზრდას და ამასთან, საწვავის გაძვირებას ასახელებდნენ. ბიზნესი ამბობდა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ახალ სტანდარტზე გადასვლა დიზელის საწვავს 20-25 თეთრით გააძვირებდა.