საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.49%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანამ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ზოგიერთმა ავიაკომპანიამ რეისები რამდენიმე კვირით შეაჩერა, ხოლო ნაწილი შეამცირა.
როგორც AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 799 ათას 16 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მილიონ 564 ათას 38 მგზავრს, შესაბამისად კლება 82.49%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით კი კლება 81.71%-ია.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ აეროპორტს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მოცულობა 82.90%-ით შემცირდა.კერძოდ, 2020 წლის 10 თვეში აეროპორტმა სულ 556 ათას 635 მგზავრი გაატარა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთნაკადის 91.04%-იანი კლებაა. 2020 წლის 10 თვეში რეგულარული და არარეგულარული რეისებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 51 ათას 217 მგზავრის მომსახურება მოახერხა.
74.52%-იანი კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი სულ 183 ათას 426 მგზავრს მოემსახურა.