საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და საჭიროა მსჯელობა, თუ როგორ გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.
ელჩმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 2-კვირიანი კარანტინი გაიარა.