ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.