ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა. ჩვენმა ნაკრებმა თავიდან ცუდად დაიწყო, ბევრი შეცდომა დაუშვა და პირველი მეოთხედიც 28-18 წააგო. მეორე მეოთხედი შედარებით უკეთესი იყო, თუმცა დიდ შესვენებაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი მაინც 7 ქულიანი უპირატესობით 48-41 გავიდა. მესამე და მეოთხე მეოთხედები საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკეთესად ჩაატარა, მატჩის ბოლოს კი ბერიშვილისა და მაკფადენის სამ ქულიანიებით წინ გავედით. გადამწყვეტი გამოდგა ამერიკელი ლეგიონერის ორი საჯარიმო ტყორცნა, რომლითაც გუნდი 4 ქულით დააწინაურა და საბოლოო ანგარიში 94-90 დააფიქსირა. 33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP სწორედ თად მაკფადენი გახდა. მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას უკვე ნოემბერში ფინეთთან გამართავს.