საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრაზე.
მხარეებმა თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე.