საქართველოში შემოტანილია 14 ათასი ტონა მაღალხარისხიანი ამერიკული ხორბალი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მარაგი, კომპანია"ფოთის მარცვლეულის ტერმინალის " მიერ ამერიკულ მხარესთან 30 ათას ტონა ამერიკული სასურსათო ხორბალზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემოვიდა ქვეყანაში. გარდა ამისა, ასოციაციაში აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს ამერიკული ხორბლით დატვირთული მეორე გემის შემოსვლაც იგეგმება.
ასოციაციის შეფასებით, ამერიკული ხორბლის იმპორტი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რეგიონალურ ბაზარზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა შექმნილი და არის საშიშროება, რომ ხორბლის ხელმისაწვდომობა რიგი სახელმწიფოების მხრიდან შეიზღუდოს.