საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 661 მილიონ 334 ათასი კილოვატ საათი შეადგინა, ეს კი 23,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში მთლიანად 867 მილიონ 133 ათასი კილოვატ/საათი დენის გამომუშავება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ გენერაციის შემცირების მთავარი მიზეზი ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერებაა. მიუხედავად ენგურჰესის გაჩერებისა, გენერაციიაში ყველაზე დიდი წილი მაინც ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
კერძოდ, 2021 წლის მარტში ჰესებმა სულ 475 მილიონ 393 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 177 მილიონ 37 ათასი კილოვატ/საათი, ქართლის ქარის სადგურმა - 8 მილიონ 904 ათასი კილოვატ/საათი.
ამასთან, „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მარტში 17,5%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და ჯამში მილიარდ 234 მილიონ 398 ათასი კილოვატ/საათი შეადგინა.