ქართულ ბაზრებში უკვე გამოჩნდა ფეიხოას ნაყოფი, რომელიც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოდის. როგორც ფერმერები East fruit-თან საუბრისას აღნიშნავენ, წელს მოსავლის რაოდენობა შემცირდა, ამის მიზეზი კი სექტემბერ-ოქტომბერში ნალექის ნაკლებობა იყო. მათი თქმით, მიმდინარე სეზონზე ფეიხოას მოსავალი 3-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წელს.
ფერმერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფეიხოას წარმოება შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდეს, თუმცა ამისთვის მთავარი პირობა მაღალი ხარისხის ხილის წარმოებაა. ეს კი, დიდწილად დამოკიდებულია ბაღში შესრულებულ სამუშაოზე. კარგი მოსავლის მისაღებად საჭიროა: ბაღის წყლით მომარაგება, მწერებისა და მავნებლებისგან დაცვა, ასევე, მცენარის პერიოდული განაყოფიერება.
მათივე ცნობით, ერთი კილოგრამი ფეიხოას შესაძენად ექსპორტიორებს 2-დან 5 ლარამდე მოუწევთ გადახდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს ფეიხოას საექსპორტო ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობდა.
ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ფეიხოას მოსავალმა ათას 500 ტონა შეადგინა, აქედან 362 ტონა ექსპორტირებულია, რაც მთლიანი წარმოების დაახლოებით, 24% -ია. 2019 წელს ქართული ფეიხოა ძირითადად უკრაინასა და სომხეთში გავიდა.