საქართველოში ფისტაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. როგორც სათესლე მასალის იმპორტიორი გიორგი მასურაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, თუ გასული წლის გაზაფხულზე, ადგილობრივ ფერმერებზე დაახლოებით, 30 ათასი ერთეული ნერგი იყო გაყიდული, ახლა ეს რაოდენობა გაორმაგებულია. ამასთან, გიორგი მასურაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად პანდემიისა და ლარის გაუფასურებისა, ბაზარზე ფასები შენარჩუნებულია.
ცნობისთვის, 1 კილოგრამი სათესლე მასალა 180 ევრო ღირს, რაც შეეხება ნაყოფს, ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამის ღირებულება დაახლოებით, 80 ლარს შეადგენს. საქართველოში ფისტას ბაღების გაშენება პირველად 2016 წელს დაიწყო.
როგორც სათესლე მასალის იმპორტიორი ამბობს, ფისტას საქართველოში სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დარგია, საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად დრო სჭირდება.
ცნობისთვის, მსოფლიოში ფისტას ექსპორტის მიმართულებით ლიდერი თურქეთია, რომელმაც გასულ წელს პროდუქტით 100 ქვეყანა მოამარაგა. საუბარია, 10 ათას 875 ტონა ფისტის ექსპორტზე. იმპორტით კი, ლიდერი გერმანიაა. იმის გამო, რომ ფისტა ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტია, მას ფერმერები თურქეთში „მწვანე ოქროს“ უწოდებენ.