საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 8 ნოემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, ,სააქციო საზგადოებაზე „ოქეი“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ხოლო 15 ნოემბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 48-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 19-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 მისო იყო რეგისტრირებული.