სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 93 პროცენტს ჰქონდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, საწარმოთა 19.5 პროცენტი იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს, ხოლო 15.3 პროცენტი - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს. ამასთან, გამოკვლევის შედეგებით, იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, 18.4 პროცენტით განისაზღვრა.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა, საწარმოები ძირითადად სოციალური მედიის ისეთ სახეებს იყენებდნენ, როგორიცაა Facebook-ი და Linkedin-ი, ხოლო საწარმოთა 63,4 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან საკუთარი ბაზრის განვითარება, ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე.