საქართველოში კონტრაბანდული თამბაქო ისევ იყიდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე ვითარება სამეგრელოშია, სადაც უკანონო ნაწარმით ვაჭრობის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით, გაორმაგდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც თამბაქოს კონტროლის ალიანსის დაკვეთით მომზადდა. კვლევა, კონტრაბანდული თამბაქოს გაყიდვის თვალსაზრისით საქართველოს 5 ყველაზე სარისკო რეგიონში ჩატარდა და გამოიკვეთა, რომ თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის შემთხვევები ბოლო 2 წელში, სამეგრელოში 5%-დან 32%-მდე გაიზარდა, ხოლო არალეგალურად შემოტანილი პროდუქციის დიდ ნაწილს ე.წ. აფხაზური აქციზი ჰქონდა. თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ კონტროლის მექანიზმი გაამკაცროს, რათა აღარ მოხდეს ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა. ოკუპირებული აფხაზეთიდან, უაქციზო სიგარეტის შემოტანის გახშირებულ შემთხვევებს ადასტურებენ შემოსავლების სამსახურშიც. თუმცა, უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ უკანონო ვაჭრობის შემთხვევები უფრო მეტად კონცენტრირდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ და თუ ამ მონაცემებს მთლიანად საქართველოზე განვაზოგადებთ, უკანონო ვაჭრობის წილი 2-3%-ს არ გადააჭარბებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გაზრდილია გასახვევი თამბაქოს მოხმარებაც. ცნობისთვის, პარლამენტი უკვე განიხილავს კანონპროექტს თამაბქოს ნედლეულის დაბეგვრის შესახებ. თამბაქოს კონტროლის ალიანსში იმედოვნებენ, რომ გადასახადები გასახვევ თამბაქოზეც გაიზრდება.