2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 716 ათას 900 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს დადებითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ მილიონ 790 ათას 300 კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და მილიონ 926 ათას 600 შეადგინა.
ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.9-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის.