ადგილობრივ ბაზარზე ყავა საშუალოდ, 10%-ით გაძვირდა. როგორც საქართველოს ყავის კომპანიის ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, კერძოდ, ფასების მატება ადგილობრივზე შესაბამისად ისახება. ამასთან, მისი ინფორმაციით, საქართველოში ყავის რეალიზაციამ იკლო, რის გამოც, პროდუქტის იმპორტი შემცირდა.
ცნობისთვის, როგორც უცხოეთის მედია წერს, მსოფლიოს ყავის დეფიციტი ემუქრება. საკონსულტაციო ჯგუფ Marex Spectron-ის მარტის პროგნოზით, 2021-2022 წლებში ყავის გლობალური დეფიციტი 10 მილიონ 700 ათას ტომარამდე გაიზრდება.
რაც შეეხება საქართველოს, წელს ქვეყანაში ყავის იმპორტი 17,2%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ უცხოეთში 2 მილიონ 47 ათასი დოლარის ყავა იყიდა. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ადგილობრივ ბაზარზე ყავის გაძვირდება, ყავის კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს რთულად პროგნოზირებადია, თუმცა მისი ცნობით, ფასი ამ დროისთვის უკვე დაახლოებით, 10%-ით არის გაძვირებული.