2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მილიონ 824 ათას 610 ფიზიკურ პირს ჯამში, 19 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის აქტიური სასესხო ვალდებულება აქვს, ვადაგადაცილება კი 472 ათას 13 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე არარეგულირებადი სუბიექტების მონაცემებს.
ფიზიკური პირების ვალდებულებების მაჩვენებლების შესახებ წერილი, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აწერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც წერილშია აღნიშნული, იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებსაც მიმდინარე ვადაგადაცილებული ვალდებულება აქვთ, 2019 წელს 2018 წლის 31 დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია, რის მიზეზადაც 2018 წლის სესხების განულების პროგრამაა დასახელებული, რომელიც 615 ათას 164 მსესხებელს შეეხო.
ამასთან, წერილიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში 111 ათას 14 ისეთი კლიენტი ფიქსირდება, რომელთაც წინა წელს არ უფიქსირდებოდათ ვადაგადაცილება.