ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს, მოსამართლე ლადო ჭანტურიას და სასამართლოს მეხუთე სექციის რეგისტრს ვიქტორ სოლოვეიჩიკს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ უმასპინძლა.
ოფიციალური მიღებისა და აუდიენციის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სტუმრებმა პლენუმის დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და დელეგაციის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ამ კუთხით, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების დაახლოების პროცესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმაც. როგორც ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსამართლეები სტრასბურგის სასამართლოს ოჯახის წევრები არიან.
გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გამოყენების პრაქტიკა, ხაზი გაესვა ევროპული სტანდარტების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესს.