სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით თეა წულუკიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კანონდარღვევა არ ფიქსირდება. ომბუდსმენი ამბობს რომ მას თავად აქვს სერიოზული კითხვები აღნიშნული ვიდეოს მოპოვებასა და შენახვასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ისინი საკითხს შეისწავლიან.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო არც მათთვის გაგზავნილ და არც ევროპის წამების პრევენციის კომიტეტისთვის გაგზავნილ კორესპონდენციაში ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემას არ უარყოფს, ამიტომ დღევანდელი მწვავე განცხადებები ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურებოდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“. წულუკიანმა ასევე მოსთხოვა სახალხო დამცველს ციხეებში დახეულ ჯინსებიან თანამშრომლებს ნუ გააგზავნის.