ირემი წყვილჩლიქოსანთა ჯგუფის და ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ძუძუმწოვარა ცხოველია, რომელსაც ახლო ნათესაობა აკავშირებს შველსა და ცხენ-ირემთან (იგივე ლოსთან), შორეულ ნათესავებს შორის კი, ჟირაფის მოძიებაც შეიძლება. ცხოველის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა და მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოიცავს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ჩათვლით, სადაც ირემი ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც მთის ხშირ, ისე ბარის ჭაობიან მეჩხერ ტყეებში. მთავარია, სწორად შეარჩიოს მიწის ნაკვეთი, რათა მტაცებელი ცხოველების საზგადოებისგან მოშორებით, მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს თავი. საკმაოდ მასიური ცხოველის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს, სიგრძე 2 მეტრს, წონა კი, 200-400 კილოგრამს შეადგენს. მსხვილი გაბარიტების მიუხედავად, ირემი ერთ-ერთი ყველაზე გრაციოზული ცხოველია თავისი მოხდენილი ტანით და თხელი ფეხებით, წაგრძელებული კისრით და შედარებით პატარა, რქებით დამშვენებული თავით.