იანვარში სამხრეთ კორეაში ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც მშრომელების უსაფრთხოებაზეა კონცენტრირებული. ახალ რეგულაციაში ნათქვამია, რომ თუ მუშები დაიღუპებიან ან მიიღებენ სერიოზულ დაზიანებებს სამუშაოს დროს, სამართალს შეუძლია დააჯარიმოს აღმასრულებელი დირექტორი და ფირმების მაღალი რანგის მენეჯერები, ან სულაც ციხეში გაუშვას ისინი.ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ქვეყანაში რობოტებში ინვესტიციების ზრდას, ნათქვამია Rest of the World-ის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში."ჩვენი ისტორიის მანძილზე ყოველთვის გვიწევდა გზების პოვნა წინსვლისთვის. ავტომატიზაცია არის შემდეგი ნაბიჯი ამ პროცესში", — განაცხადა კიმ იონ-რაემ, Speefox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი კომპანია სამხრეთ კორეაში კონდენსატორების უმსხვილესი მწარმოებელია.კიმის თქმით, ახალი კანონი ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, მათდა საბედნიეროდ ისინი ავტომატიზაციას ახორციელებენ. მას მიაჩნია, რომ ახალმა კანონმა კომპანიებს კიდევ ერთხელ უბიძგა ახალი ვარიანტების მოძიებისკენ. ეს ახალი ვარიანტი კი ნაკლები მუშა ხელი და მეტი რობოტია.სამხრეთ კორეა ცნობილია ქარხნებში უსაფრთხოების ნაკლებობით. ეს ფენომენი შემაშფოთებელი და უცნაურია ტექნოლოგიურად ასე განვითარებული ქვეყნისთვის. ახლა მთავრობა ჩაერთო და პირობა დადო, რომ დაეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაში.ამის ფონზე ორმაგად საინტერესოა მიაღწევს თუ არა ხელისუფლება თავის მიზანს, თუ ეს უცნაურად შემობრუნდება და კომპანიები დასაქმებულების რობოტებით ჩანაცვლებას დაიწყებენ. ამას დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ რობოტიზაცია ისედაც დაწყებულია და ავტომატიზაცია შეიძლება მხოლოდ დაჩქარდეს.