ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა 3 კვირიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდება. 2019-20 წლების სეზონზე, დღეს და ხვალ ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდის მატჩები შედგება. დღევანდელ სათამაშო დღეს ერთი, სხვებისგან გამორჩეული შეხვედრა არ არის, თუმცა ექსპერტების მოსაზრებით მანჩესტერ სიტისა და ატალანტას დაპირისპირებაში, ნამდვილ გოლების წვიმას უნდა ველოდოთ. იტალიელებს ამ შეხვედრაში მთავარი შემტევი ზაპატა დააკლდებათ, ხოლო სიტის რიგებში ლაპორტე, ოტამენდი და სანე ვერ ითამაშებენ. კაილ უოლკერის თამაში კი საეჭვოა. აღსანიშნავია, რომ სიტის ბოლო 10 შეხვედრაში საშუალოდ 3.7 გოლი გადის, ხოლო ატალანტას ბოლო 10 მატჩში კი საშუალოდ 4.1 გოლი გავიდა.
საინტერესო უნდა გამოდგეს გალატასარაისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ რეალმა 2 დაპირისპირებაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და რეალურად დაუდგა ჯგუფში ჩარჩენის საქმე, დღევანდელ შეხვედრაში იმდენად დიდი დანაკლისი აქვს, რომ მატჩის მოგება ძალიან გაუჭირდება, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატჩი სტამბულში - გალას სტადიონზე შედგება. რეალს დღევანდელ დაპირისპირებაში ასენსიო, ბეილი, მოდრიჩი და ნაჩო ვერ დაეხმარება, ასევე ძალიან საეჭვოა აზარისა და კროოსის თამაშის საკითხიც. თურქების რიგებში ფალკაოსა და ლემინას თამაში უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.
წესით მძიმე ბრძოლა უნდა გაიმართოს ოლიმპიაკოსსა და მიუნხენის ბაიერნს შორის. დაპირისპირება საბერძნეთში გეორგიოს კარაისკაკისის სახელობის არენაზე შედგება. ორივე გუნდის რიგებში საკადრო პრობლემებია, მასპინძლებს ბენზია, ტოროსიდისი და ვალბუენა ვერ დაეხმარებათ, ასევე გაურკვეველია კამარასს და პაპის სისეს თამაშის საკითხი. მიუხნენელთა რიგებში 2 დღის წინ დაიმტვრა ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე, რომელმაც მყესები გაიწყვიტა, ხოლო კოვაჩი ტოლისოს თამაშის საკითხს უშუალოდ მატჩის წინ გადაწყვეტს.