სამხრეთ-კორეულმა კომპანიამ Samsung-მა სან-ფრანცისკოში ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Galaxy S20 5G და ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონი.
კომპანიის წარმომადგენლებმა Galaxy S20 5G-ის მოდელის სამი ვარიანტი წარადგინეს, ესენია: სტანდარტული Galaxy S20 5G, უფრო დიდი ეკრანით - Galaxy S20 Plus 5G და მესამე - ყველაზე დიდი ეკრანით Galaxy S20 Ultra 5G.
როგორც ყველა მათგანის სახელწოდებაში ჩანს, ისინი მეხუთე თაობის ქსელის გამოყენების საშუალებას იძლევიან. სმარტფონების შეკვეთები შტატებში 21 თებერვლიდან, გაყიდვები კი 6 მარტიდან დაიწყება, ყველაზე დაბალფასიანი მოდელი 999 დოლარი ეღირება.
ამასთან, კომპანიამ ღონისძიებაზე ახალი კეცვადი ეკრანის სმარტფონიც წარადგინა, მას ეწოდა Galaxy Z Flip. სმარტფონს სამი კამერა აქვს, 1 წინა მხარეს და ორიც უკან. ის შავ, ოქროსფერ და იისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. მოდელის გაყიდვები შტატებში 14 თებერვალს დაიწყება, სასტარტო ფასი კი ათას 380 დოლარი იქნება.