პარლამენტს 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარედგინა.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკის მოწყობას გეგმავს. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. გეგმის თანახმად, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი.
ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა. კერძოდ, 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 12 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი.