ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია სამი მუშა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის, კიდურის მოტეხილობები, ნეკნების მოტეხილობები და ასევე, თავის ტრავმები. ექიმების თქმით, სამივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მათგან ერთ-ერთი შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ყვებიან, რომ აფეთქება გეგმიური იყო, თუმცა მათ ინფორმაცია მხოლოდ პირველი აფეთქების შესახებ მიაწოდეს. როდესაც გეგმიური აფეთქების შემდეგ უკან დაბრუნდნენ და მუშაობა განაგრძეს, რამდენიმე წუთში მეორე აფეთქებაც მოხდა, რაზეც ინფორმაცია როგორც დასაქმებულები ყვებიან, არ ჰქონდათ. ცნობისთვის მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევასაც აპროტესტებდნენ. "მშენებლობისას არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ელექტროსადენები წყალში ყრია, რამაც ნებისმიერ დროს შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მოგვაყენოს", - ამბობენ მუშები.