სასამართლო დღეს ე.წ. ქურდული სამყაროს იმ რამდენიმე ავტორიტეტის საქმეს განიხილავს, რომელთაც ბრალდება ქურდულ გარჩევებს, ფულის გამოძალვას, ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. 13 ბრალდებულიდან 9 ე.წ. კანონიერი ქურდია. სამართალდამცველებმა ისინი 20 მაისს დააკავეს.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტები ერთ-ერთ ბიზნესმენს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თანხას სთხოვდნენ მუქარითა და ძალადობით. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.