პირველ ივნისს ყოფილი ცოლის, ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოს მოგების შემდეგ ჯონი დეპმა პირველი პროექტი დააანონსა — მსახიობი მეგობართან და მუსიკოსთან, ჯეფ ბექთან ერთად ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ ბექმა ერთ-ერთ კონცერტზე განაცხადა, ხოლო იქვე მყოფი ჯონი მას თავის დაქნევით დაეთანხმა."ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და გეტყვით, რომ 5 წლის წინ ერთ ადამიანს შევხვდი, რის შემდეგაც ერთად სიცილი არ შეგვიწყვეტია. სხვათა შორის, ერთად ალბომი ჩავწერეთ. არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა. ალბომი ივლისში გამოვა", — განაცხადა ბექმა.ამის შემდეგ ჯონი ბექს სცენაზე შეუერთდა და მსმენელებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. დეპი ბექის კონცერტზე მაისში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც გამოჩნდა და გიტარაზე დაუკრა.მუსიკა ჯონი დეპისთვის უცხო სფერო არ არის: 2012 წელს მან ელის კუპერთან და ჯო პერისთან ერთად ბენდიც დააარსა, სახელწოდებით Hollywood Vampires.შეგახსენებთ, რომ ცილისწამების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ჯონი დეპის სასარგებლოდ გამოიტანეს. ამბერ ჰერდს ჯონი დეპის სასარგებლოდ $10,4 მილიონის გადახდა დაეკისრა, თუმცა ჰერდის ადვოკატის თქმით, ამბერი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.