სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იკლებს. 2020 წლის 8 თვეში ამ სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 81.2%-ით შემცირდა. კლების დიდი წილი, მიწის კაზინოებზე მოდის. მხოლოდ უმნიშვნელოდ, 1.8%-ით არის შემცირებული ონლაიან კაზინოების მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელი. რაც შეეხება წამახალისებელი გათამაშების წილს, ზრდა მხოლოდ მას შეეხო.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში სათამაშო ბიზნესმა მოსაკრებლის სახით 12 მილიონ 377 ათასი ლარი შეიტანა, რაც 81.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 8 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 65 მილიონ 909 ათასი ლარის მოცულობის მოსაკრებელი გადარიცხა.
ამასთან, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან ბიუჯეტში - 6 მილიონ 192 ათასი ლარი, წამახალისებელი გათამაშებებიდან - 183 მილიონი, სათამაშო აპარატებიდან - 5 მილიონ 827 ათასი, ხოლო კლუბის მაგიდიდან 58 მილიონ 24 ათასი ლარი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები 18 მარტს დახურეს.