რამდენიმე დღეში საქართველოში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აბონენტებს საშუალება ექნებათ სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის 3 თვის გადასახადის სუბსიდირებას გულისხმობს. ელექტრონული პლატფორმის ამოქმედების შესახებ, სემეკის თავმჯდომარემ რადიო პალიტრისა და პალიტრანიუსის გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, მთავრობის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, რაც გულისხმობს მოხმარებელთა ნაწილისთვის კომუნალური გადასახადის 3 თვით სრულად დაფინანსებას, კომისიაში ბევრი ზარი შევიდა და მოხმარებლების გარკვეული ნაწილმა სურვილი გამოთქვა, რომ თავად დაფარონ ხარჯები. მისივე თქმით, აღნიშნული პლატფორმის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ მთავრობსი გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, სახელმწიფო 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს. დაფინანსება ასევე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.