უკრაინაში კვლევისა და წარმოების ასოციაციის მეცნიერებმა კარტოფილის ახალი სახეობა შეიმუშავეს. როგორც East fruit წერს, პროდუქტის სახელწოდებაა „შავი გედი“, რომელიც მისი მეწამული ფერის გამო შეირჩა.
კარტოფილი შეიცავს მცირე სახამებელს და აქვს ორიგინალური ფერი, რომელიც შეწვის დროს არ იცვლება, მაგრამ ხარშვის დროს გარკვეულწილად ანათებს. აღნიშნული ჯიშით უკვე დაინტერესდნენ რესტორატორები და ჩიფსების მწარმოებლები. ამჟამად პროდუქტი შესაბამის შემოწმებას გადის. მას შემდეგ კი, რაც ყველა ტესტირებას გაივლის, მცენარეთა ჯიშების სახელმწიფო რეესტრში შევა.
როგორც ცნობილია, მეწამული კარტოფილი ჯანმრთელობისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე ჩვეულებრივი. ამასთან, მოხარშვის შემდეგ კარტოფილი არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ყველაფერთან ერთად, სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ მეწამული კარტოფილი ანთების საწინააღმდეგოა, ის ასევე დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე.
რაც შეეხება მის ღირებულებას, ამ დროისთვის, 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი დაახლოებით, 99 გრივნას ანუ 9-10 ლარს შეადგენს.