მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი სამედიცინო სკანერი შექმნეს, რომელსაც შეუძლია ადამიანის მთელი ორგანიზმის ყველა ორგანოს 3D ფოტოების გადაღება ერთდროულად. პირველი მსგავსი ფოტო უკვე გადაიღეს. სამედიცინო სკანერზე კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სიმონ ჩერიმ და რამსი ბადავიმ იმუშავეს. მათ პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის, იგივე PET-ს და კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერები ერთგვარი კომბინაცია გააკეთეს, რის შედეგადაც მიიღეს სკანერის საუკეთესო ვარიანტი. ახალ სკანერს EXPLORER-ი დაარქვეს, რომელსაც 1 წამში შეუძლია ფოტოს შექმნა და იგი ამდრომდე არსებულ სკანერებს შორის ყველაზე ეფექტურია. იგი ახალი სიტყვა იქნება მედიცინაში და ხელს შეუწყობს დაავადებების უფრო ეფექტურად და სწრაფად გამოვლენას, დაავადებების პროგრესირების უფრო მეტი სიზუსტით დადგენას და დიაგნოსტირების გამარტივებას.
ამას გარდა, ახალი აპარატი იმითაც გამოირჩევა, რომ მას 40%-ით ნაკლები რადიაციის დოზა სჭრიდება ადამიანის ორგანიზმის შესასწავლად, ვიდრე მაგალითად PET-სკანს, რაც ამდრომდე აპრობირებული მეთოდია. პირველად ისტორიაში ახალი სკანერით შესაძლებელი იქნება ყველა დეტალის და პროცესის გაგება და შეფასება, რაც ადამიანის ორგანიზმში და ქსოვილებში მიმდინარეობს. როგორც მისმა ერთ-ერთმა შემქმნელმა რამსი ბადავიმ განაცხადა, ახალი სკანერის მიერ გადაღებულმა პირველმა კადრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავად მასზე, ვინაიდან ფოტოებზე გაცილებით უფრო მეტი დეტალი იკითხება, ვიდრე ელოდნენ. „ჩვენ დავინახეთ კიდევ უფრო მეტი რამ, რაც ჩვეულებრივ პეტ-სკანზე არ ჩანდა. არარსებობს სხვა სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც ასეთ მონაცემებს მოგვაწოდებს ადამიანის ორგანიზმზე, როგორიც EXPLORER-ია“, - აღნიშნა მან.მოწყობილობის კიდევ ერთმა შემქმნელმა, მეცნიერმა სიმონ ჩერიმ განაცხადა, რომ EXPLORER-ის მუშაობა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამედიცინო კვლევის ხარისხის და პაციენტის ჯანმრთელობის ზუსტი დიაგნოსტირების გაუმჯობესების კუთხით.