მართალია, შერლოკ ჰოლმსი ყველა დროის ყველაზე ხშირად ადაპტირებული ლიტერატურული პერსონაჟია, რომელსაც უამრავი ეკრანული ორეული გამოუჩნდა, მაგრამ "ემის" პრემიაზე ნომინირებული სერიალის "შერლოკის" ავტორებმა მაინც შეძლეს ლეგენდარული დეტექტივის ახალი და სრულიად განსხვავებული სახის შექმნა. BBC-ის შედევრად წოდებული "შერლოკის" დაბადებას კიდევ ერთმა ცნობილმა პროექტმა, იმავე ტელეკომპანიის საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკურმა სერიალმა Doctor Who-მ შეუწყო ხელი, როცა მისი ავტორები - სტივენ მოფატი და მარკ გეტისი კარდიფიდან ლონდონში ხშირი მოგზაურობისას მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, თანამედროვე შერლოკ ჰოლმსის შექმნის იდეასაც განიხილავდნენ, თუმცა აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას რატომღაც ერიდებოდნენ. გადამწყვეტი ნაბიჯი მოფატის მეუღლემ - სიუმ გადადგა, როცა კოლეგები და ძველი მეგობრები სადილზე პიკადილიის მოედანზე, ცნობილ ბარში "კრიტერიონში" მიიწვია, სადაც ლიტერატურული პირველწყაროს თანახმად, ვატსონმა - ჰოლმსის პარტნიორმა და საუკეთესო მეგობარმა, პირველად გაიგო ლეგენდარული დეტექტივის არსებობის შესახებ. მეგობრები სწრაფად მიუხვდნენ გონიერ ქალბატონს მინიშნებას და ენთუზიაზმით შეუდგნენ ახალ სერიალზე მუშაობას.