პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას ისახავს მიზნად. ცვლილებების თანახმად, პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ. გარდა ამისა, მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.