მსოფლიოს ფაუნა არასდროს უჩიოდა უჩვეული და უცნაური არსებების სიმცირეს, რომელთა ნაწილი ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, ნაწილი კი, სახელოვანი მეზობლების ჩრდილში იმალებოდა და არასდროს აცხადებდა პრეტენზიას განსაკუთრებულ დიდებაზე. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ლემურიც, რომელიც შორეულ მადაგასკარზე დაბინავებული, ადგილობრივების პატივისცემითაც საკმაოდ კმაყოფილია. Lemur ლათინური სიტყვაა და "ღამის აჩრდილს" ნიშნავს. სწორედ ასე უწოდებდნენ ძველი რომაელები გარდაცვლილთა სულებს, რომლებიც ადგილს ვერ პოულობდნენ მიცვალებულთა სამყაროში, მთელი ღამე მოუსვენრად დაეხეტებოდნენ და ძილს უფრთხობდნენ რომის მკვიდრთ, მე-16 საუკუნეში კი, ევროპელებმა, რომლებიც პირველად აღმოჩნდენენ მადაგასკარის კუნძულზე და პატარა უნცაური ცხოველი გაიცნეს, ძველი რომაული თქმულება გაიხსენეს და საოცარ არსებას უზარმაზარი, სიბნელეში მანათობელი თვალებით, სწორედ ლემური უწოდეს.