"შორეულ პლანეტაზე განვითარებული ფანტასტიკური ისტორია" ან "ძველმოდური თავგადასავალი ჯუნგლებში ეკოლოგიური ქვეტექსტითა და მითოლოგიური სიუჟეტების თხრობის მანერით", - სწორედ ასე აღწერა ჯეიმს კამერონმა 2009 წელს დადგმული "ავატარი", რომელიც სამართლიანად იქცა მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად. ფილმმა არა იმდენად ორიგინალური სიუჟეტით აღაფრთოვანა მაყურებელი, რამდენადაც შთამბეჭდავი სპეცეფექტებით და იმ არაჩვეულებრივი სამყაროთი, რომელიც დღესაც სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის შედევრად ითვლება.
"ავატარის" მოქმედება 2154 წელს ვითარდება, როცა დედამიწელებმა ძვირფასი მინერალის - ანობტანიუმის მოპოვება ალფა ცენტავრას ვარსკვლავთა სისტემის აირის პლანეტის დასახლებულ თანამგზავრზე - პანდორაზე გადაწყვიტეს და განადგურების სერიოზული საფრთხე შეუქმნეს პლანეტის ბინადრებს - ნა'ვას ტომის ადამიანისმაგვარ გონიერ არსებებს.
ფილმის შექმნა კამერონმა ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიფიქრა და სცენარის პირველი, 80-გვერდიანი ვერსიაც მოამზადა, თუმცა სპეცეფექტების სირთულემ და მასშტაბურობამ, პროექტის თითქმის 15 წლით გადადება აიძულა, რადგან მიხვდა, რომ არსებული ტექნიკური და კომპიუტერული შესაძლებლობებით ვერასდროს შეძლებდა ჩანაფიქრის სრულფასოვნად განხორციელებას. ამასთანავე, ფილმის შექმნაზე კამერონი საკმაოდ სოლიდური თანხის - სულ მცირე 400 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის გამოყოფა 1990-იანი წლების ბოლოს, "ტიტანიკის" შთამბეჭდავი წარმატების მიუხედავადაც ვერცერთმა მსხვილმა კინოსტუდიამ ვერ გაბედა.