ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - ეს ეროვნული გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, გეგმის ერთ ნაწილს აქციის ორგანიზატორები დაახლოებით ნახევარ საათში იტყვიან, რადგან მისივე თქმით, გეგმის სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას.
„ადამიანებს აქ აინტერესებთ გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომ ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ - ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ეროვნული გამოცდები, ჰოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - ეს ეროვნული გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გზაში გეტყვით როგორ მივაღწევთ შედეგს. შეგიქმნით ყველა კომფორტს იმისთვის, რომ თქვენი აქ ყოფნა ღამე იყოს მაქსიმალურად გადასატანი, მაგრამ მგონი, შეგვიძლია ერთი ღამე გავათიოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ შეიძლება მერე ბევრი ღამის გათევა მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში. ჯობია საკუთარ ქვეყანაში გავათიოთ ეს ერთი ღამე“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.
დიღმელაშვილის გამოსვლის პარალელურად აქციის მონაწილეები გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.