შპს “აკას” პარტნიორებს შორის დავა დასრულდა. 12 წლიანი დავის შემდეგ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 20%იანი წილის ყოფილი მფლობელის დავით ძოწენიძის მოთხოვნა წილის დაბრუნების თაობაზე არ დააკმყოფილა. მოდავე მხარე ამტკიცებდა, რომ შპს “აკა” 1996 წელს ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და მან წილი სურვილის საწინააღმდეგოდ დათმო.
ჩატარებული ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ ძოწენიძის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. შპს “აკა”-ს ადვოკატების მტკიცებით, სასამართლოზე ზეწოლის არაერთი მცდელობის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
შპს „აკა“ და მისი პარტნიორები, ლუიზა თავართქილაძე, მაკა და სალომე ასათიანები მოხარულნი არიან, რომ 12 წლიანი დავის შემდეგ, სამართლიანი მართლსაჯულება აღსრულდა. აღნიშნულ სამართალწარმოებას დიდი საერთაშორისო რეზონანსი ახლდა თან, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „აკა“ მერსედეს ბენცის გენერალური წარმომადგენელია საქართველოში.