შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ რომ ამ ეტაპზე აჭარის საპატრულო პოლიციაში ყველა საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებებია და თანამდებობები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა დატოვეს. ასევე არხის ცნობით, საკადრო ცვლილება შესაძლოა შეეხოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ლაშა გოგნიაშვილს, რომელიც მანამდე ბათუმის პოლიციის უფროსი იყო. როგორც ტელეკომპანია განმარტავს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები 3 დღის წინ დატოვეს. დავით მამულაშვილი მთავარი სამმართველოს უფროსად 2015 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის იმერეთის საპატრულოს უფროსად მუშაობდა.