პარკინსონის დაავადება მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა. მისგან განკურნება შეუძლებელია, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება. დაავადებას თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს, რაც თავის მხრივ განპირობებს სიმპტომებს: შებოჭილობას, კანკალს, მოძრაობათა შენელებას და სიარულის გაძნელებას. დაავადება ძალიან ართულებს ცხოვრებას და ხშირად ძლიერ დეპრესიასაც იწვევს.
პარკინსონის დაავადებით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება. მედიცინა განუწყვეტლივ ეძებს საშუალებებს, ავადმყოფებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
"ავერსის კლინიკაში" ტვინის ღრმა სტიმულაციის პირველი წარმატებული ოპერაციები გაკეთდა. ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ საქართველოში პირველად განხორციელა ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ოპერაციები და შედეგების შესახებ პრესის წარმომადგენლებს ესაუბრა. გაიმართა ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება.
რას ნიშნავს ტვინის ღრმა სტიმულაცია - ეს არის მცირე ზომის მოწყობილობის განთავსება გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და შესაბამისად იძლევა მათი კონტროლის საშუალებას.
ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. ოპერაცია ტარდება იმ პაციენტებთან, რომელთა შემთხვევაშიც დაავადების გამოვლინებების სრულფასოვანი კონტროლი მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ ხერხდება.
ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა - ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდობა - პათოლოგიური დაჭიმულობა.
ოპერაციის შემდეგ დაავადების სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება, უკვე პირველივე დღეებში. რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს ბევრად დამოუკიდებელი გახდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.