საპარლამენტო უმცირესობა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დახურვას აპროტესტებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ზოგადი ანგარიში ღია ფორმატში, მედიის თანდასწრებით წარმოადგინა, თუმცა ამ ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტების ხელმძღვანელებმა კოლეგებს სხდომის დახურვა შესთავაზეს. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, დეპუტატებს აქვთ კითხვები, რაც თავისი შინაარსით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია და ამიტომ, კომიტეტის თავმჯდომარემ გაერთიანებული სხდომის დახურვის მიზანშეწონილობას გაუსვა ხაზი. ამ შეთავაზებას ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.