სოფელ ოსიაურში, ვეზირიშვილების სასახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. შენობაში საბჭოთა პერიოდში სკოლა იყო განთავსებული, 70-იან წლებში ეს სკოლა ახალ შენობაში გადავიდა და სასახლე მას შემდეგ ნელ-ნელა ინგრევა. ის ახალი სკოლის სიახლოვეს მდებარეობს და მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვეზირიშვილების სასახლეში თავადი ვეზირიშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ვეზირიშვილი, რომლის მეუღლეც ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბაბალე ბარათაშვილი იყო. ვეზირიშვილების სასახლეს 2015 წლის 3 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.