სომხეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამჯერად შემსუბუქდება. „საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა გავახანგრძლივოთ და ვიმედოვნებთ, ბოლოჯერ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რუსტამ ბადასიანის თქმით სომხეთი უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის, თუმცა მათ 2-კვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამასთან, მათ ამ პერიოდში კორონავირუსზე ტესტის გავლის შესაძლებლობა ექნებათ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის რეჟიმი მოეხსნებათ. გარდა ამისა, პირად ავტომობილებში სომხეთის მაცხოვრებლებს პირბადეების ტარების ვალდებულება მოეხსნებათ. ეს ზომა კვლავ სავალდებულო რჩება ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ქვეყანაში დასაშვები ხდება 40 კაცამდე საოჯახო შეკრებები, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული და პირბადეების ტარებაც აუცილებელია. სომხეთში სკოლების გახსნა 15 სექტემბერს იგეგმება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მეხუთედ გახანგრძლივდა.