პარტია "სოციალ-დემოკრატები" ხელისუფლებას სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნას და მასში სავალდებულო შენატანის დაწესებას სთავაზობს. როგორც პარტიის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობამ აღნიშნული გადასახადი შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს 1 წლის ვადით უნდა დაუწესოს. მისი თქმით, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა სოლიდარობის ფონდში შემოსავლის 20% უნდა გადარიცხონ, 6 ათსი ლარიდან 8 ათასამდე - 30%, ხოლო 8000 ლარის ზემოთ - 40%.
ჟორჟოლიანის განცხადებით, ეს წინადადება უზრუნველყოფს წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის მობილიზებას და იგი მოხმარდება იმ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგა შემოსავალი. მისივე თქმით, სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას.