სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება კი მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
განცხადების თანახმად, სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, შაქრის დონე სისხლში და სხვა მაჩვენებლები - ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ და მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.