საარჩევნო სისტემის ცვლილების მიზნით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვების მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სპეციალური ფორმები გადასცა. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განსახორციელებლად საინიციატივო ჯგუფს 200 000 ხელმოწერა სჭირდება. როგორც უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ისინი შეეცდებიან, რომ ხალხს მაჟორიტარული სისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა. 11 კაციან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურს, ხელმოწერების შესაგროვებლად 4 თვე აქვს.