ნელსონ მანდელა, რომელმაც მთელი ცხოვრება აპართეიდთან ბრძოლას შესწირა და 25 წელზე მეტი გაატარა საპატიმროში, არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკელების მადლიერება, არამედ ნობელის პრემია, მსოფლიო საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურა და მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სიმბოლოდ იქცა.
ჰოლილალა მანდელა, რომელმაც მოგვიანებით შეიძინა ნელსონის სახელი, 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა პატარა სოფელ მფეზოში ქალაქ უტმატასთან ახლოს. მისი ოჯახი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში), აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციის, ტრანსკეის რეგიონის მმართველ - ტემბუს დინასტიას მიეკუთვნებოდა, ნელსონის მამა- ჰადლა ჰენრი მანდელა კი, რომელმაც დიდი ბაბუის - მანდელად წოდებული ტომის ბელადის პატივსაცემად აქცია მისი სახელი საკუთარი შთამომავლების გვარად, სოფელ მფეზოს მოსახლეობას წინამძღოლობდა, თუმცა კოლონიალურ მთავრობასთან უთანხმოების შემდეგ, უარი თქვა უფლებამოსილებაზე და მხოლოდ ტემბუს საიდუმლო საბჭოში ადგილის შენარჩუნებით, ოჯახთან ერთად გადაბარგდა მეზობელ სოფელ ცგუნუში.